თბილისის მერი კახა კალაძე ძლიერი ნალექის გამო სხვადასხვა რაიონში შექმნილ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნო.
ერთ-ერთი რთული მონაკეთი, სადაც მერი იმყოფებოდა, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთია.
კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა.
„ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ ვერ აუდის. გარკვეული პრობლემებია გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე, იყო პრობლემები გლდანის რაიონში, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დატბორილი იყო და გადაადგილება შეუძლებელი იყო. რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომელიც გამოვიყვანეთ. რამდენიმე ქუჩაზე ხეები იყო წაქცეული და აღნიშნული მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ახლაც გვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მუშაობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2722222
კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლკ ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია.