რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სენატის თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მირჩა ჯოანემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგეს.
სწორედ მათ შორის გაირკვევა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მეორე ტურში, რომელიც 6 დეკემბერს ჩატარდება.
ეგზიტპოლების მიხედვით, ბესესკუმ ხმების 33-34% მოიპოვა, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ 31-32 %, ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად კი აუცილებელია ხმათა 50 %-ზე მეტის დაგროვება.
ტრაიან ბესესკუმ ამომრჩევლებსა და მოწინააღმდეგეებს მოუწოდა, დაელოდონ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს არჩევნებში ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტის გამოცხადება.
თავის მხრივ, სენატის თავმჯდომარემ და ყოფილმა შს მინისტრმა, მირჩა ჯოანემ მადლობა გადაუხადა თავის ამომრჩევლებს და მათ, რომლებმაც ხმები სხვა კანდიდატებს მისცეს ბესესკუს საწინააღმდეგოდ და იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურში ეს ამომრჩევლები მას დაუჭერენ მხარს.
ქვეყანაში პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა. ერთ ადამიანს ამ პოსტის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები არის პირველი რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების (2007 წ) შემდეგ.