მილანის "ინტერმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დემოკრატიული კონგოს კლუბი "მაზემბე" 3:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ტურნირი მეშვიდედ ჩატარდა და მას არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა უმასპინძლა.
ტურნირში მონაწილეობას კონტინენტების უმაღლესი საკლუბო ჩემპიონატების წარმომადგენლები იღებენ.
აქამდე, ფინალში მხოლოდ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კლუბები თამაშობდნენ, წელს კი ფინალში აფრიკული გუნდიც მოხვდა.
პირველი 3 საკლუბო მუნდიალი ლათინური ამერიკის წარმომადგენელთა გამარჯვებით დასრულდა (ტურნირი ბრაზილიურმა კლუბებმა - "კორინთიანსმა", "სან პაულუმ" და "ინტერნასიონალმა" მოიგეს). ევროპელებს ნავსი "მილანმა" გაატეხინა, რომელმაც 2007 წლის ფინალში "ბოკა ხუნიორსი" 4:2 დაამარცხა. შემდეგ მას "მანჩესტერ იუნაიტედმა" ("კიტოსთან" 1:0) და "ბარსელონამაც" ("ესტუდიანტესთან" დამატებით დროში 2:1) მიბაძეს.
ფინალში გოლები გორან პანდევმა სამუელ ეტოომ და ბიაბიანმა გაიტანეს.
საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპელებმა მეოთხედ მოიგეს, ხოლო "ინტერმა" მიმდინარე წელს მე-5 ტიტული მოიპოვა.
მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში "ინტერნასიონალმა" "სიონამი" დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში რობერტო აბონდანსიერი უკანასკნელად გავიდა მოედანზე. თავის ბოლო შეხვედრაში 38 წლის არგენტინელმა კიპერმა 74-ე წუთზე რენანი შეცვალა. იმ მომენტისთვის ბრაზილიური კლუბი 4:0-ს იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში კორეელთა კოლუმბიელმა ლეგიონერმა, მაურისიო მოლინამ აბონდანსიერის კარის აღება ორჯერ მოახერხა და შეხვედრა საბოლოოდ 4:2 დასრულდა.