სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 70 ათასი ჰა ფართობი სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, გლობალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მოსაზღვრე ქვეყნებში აღინიშნება კალიების გავრცელების არეალის ზრდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, საქართველოში კალიების პოპულაცია კონტროლირებადია.
„საქართველოში დანერგილია მონიტორინგის, პრევენციის და კონტროლის უახლესი მეთოდები, რაც ხელს უწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებას და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას, რაც ამ მავნებლის უკონტროლო გავრცელებას ახასიათებს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, 10 ქვეყანასთან ერთად, ჩართულია FAO-ს რეგიონულ პროგრამაში „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში“. პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან, რეგულარულად ტარდება ერთობლივი ტრანსსასაზღვრო გამოკვლევები და რეგიონული კონფერენციები საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, საქართველოში არსებული კალიებთან ბრძოლის სისტემა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა.