შინდისის ლეგენდარული ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. შინდისის ბრძოლა გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი გააჩნდათ. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველებს ტყვია- წამალი გაუთავდათ.
რუს ოკუპანტებთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.