ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველომ სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთთან სამართლებრივი დავა მოიგო.
„რუსეთმა, საოკუპაციო რეჟიმმა მოახერხა იმ ბოროტების განხორციელება, რასაც ოკუპაცია, ჩვენი გმირების დახოცვა ჰქვია და შემდეგ, წლების განმავლობაში ამით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები შეგნებულად იყო გამქრალი საქმიდან, დიდი შრომის ფასად, საქართველომ, ქართულმა სახელმწიფომ სტრასბურგსა და ჰააგაში პროცესები მოიგო. რუსეთის სახელმწიფოსთან, როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან მოიგო სამართლებრივი დავა. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო „ისკანდერის“ ნაწილები. ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მოვიდა, ეს ნაწილები მოძიებული ვერ იქნა. უფრო სწორად, მანამდე გადამალეს და რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ, რომ მოგვეპოვებინა „ისკანდერის“ ნაწილები და წარგვედგინა სასამართლოში. ეს დაედო საფუძვლად გადაწყვეტილებას, რომ საქართველო სამართლებრივ დავაში იყო მართალი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, რეზოლუციაში 7 აგვისტო წერია, როგორც საომარი მოქმედებების დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების თარიღი, რის წინააღმდეგაც უწევდა ბრძოლა „ქართულ ოცნებას“ ჰააგასა და სტრასბურგში.
„საერთაშორისო სამართლებრივ დავებში რუსული საოკუპაციო რეჟიმის პოზიცია იყო ის, რაც წერია რეზოლუციაში, რომელზეც ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, ანუ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ. ეს იყო პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველომ 7 აგვისტოს ესკალაცია ახალი, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადაიყვანა ცხინვალის, მშვიდობიანი მოქალაქეების კასეტური ბომბებით დაბომბვით. ამ რუსულ პოზიციას ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობის“ დელეგაციამ.
რეზოლუციის ამ ჩანაწერის მიუხედავად, ყველა სამართლებრივი დავა მოვიგეთ. მითითებაა ტალიავინის კომისიის დასკვნაზე, რომელიც, თავის მხრივ, რეზოლუციის ტექსტზეა აგებული, რომ საქართველოს სამხედრო ძალებმა დაბომბეს ცხინვალი და ესკალაცია სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. დღემდე ბოლომდე ვერ ამოვშალეთ ეს. სალომე ზურაბიშვილი წელს გავიდა 7 აგვისტოს და ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე? რეალურად, პირველად 7 აგვისტო ჩაიწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, მანამდე იყო სააკაშვილის ბრძანებულება, შემდეგ საქართველოს პარლამენტმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ეს ბრძანებულება რომ დაამტკიცა, ყველგან იყო ლაპარაკი სეპარატისტებზე. სამწუხაროდ, იქ რუსებს არ ახსენებდნენ, თითქოს იქ რუსები არაფერ შუაში იყვნენ და სეპარატისტები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. რუსეთის სახელმწიფო მხოლოდ 8 აგვისტოსთან მიმართებით მოიხსენიეს. პირველად 7 აგვისტო, შესწორების სახით, რუსების მიერ შემოტანილი იქნა რეზოლუციაში, რომელსაც, სამწუხაროდ, მხარი დაუჭირა ქართულმა დელეგაციამ. ეს იყო დანაშაულებრივი მხარდაჭერა. შემდეგ ამაზე აეგო ტალიავინის კომისიის დასკვნა და საბოლოოდ დღემდე ვერ ამოვშალეთ. ეს თარიღი ყველგან წერია, როგორც საომარი მოქმედებების დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების თარიღი – ესკალაცია ახალი საომარი მოქმედებების ეტაპზე გადაიზარდაო. ამ თარიღის წინააღმდეგ გვიწევდა ბრძოლა ჰააგასა და სტრასბურგში, გადამალული „ისკანდერის“ ნაწილებიც ამაში მოგვეხმარა და კიდევ 7 აგვისტოს უბრუნდებით? თურმე 2014 წლამდე 8 აგვისტო იყო თარიღი, როცა პატივი უნდა მიგვეგო ჩვენი მიცვალებულებისათვის და შემდეგ ახალი ნარატივი გაჩნდა, ამას უნდა ჩავყვეთ და ახალი რისკები გავაჩინოთ?“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.