შედეგით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი, 2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ, რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„რამდენიმე თვის შემდეგ, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა, როგორ იგეგმებოდა, კიდევ უფრო მეტი ვიცი და არ მინდა, ვილაპარაკო, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვუფრთხილდები. შედეგი რაც დადგა, შედეგი რაც მივიღეთ, ეს არის ოკუპაცია. ორი ძირძველი რეგიონის ოკუპაცია, რუსული ჯარი დამაგრდა, ბაზები ააშენეს. ამას გარდა, მინდა, შეგახსენოთ ყველას, გახსოვთ, ცნობილი ევროპის საბჭოს რეზოლუცია, ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ ერთი პროცენტი ობიექტურობისა, მომეცით საჯაროდ პირობა, რომ ამ რეზოლუციის ჩანაწერს, მეხუთე პუნქტს გაუშვებთ თქვენს ტელევიზიებში. კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, როგორ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მოაწერა ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.