ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პარლამენტარ, ფრიდონ ინჯიას მიერ 2008 წლის ომზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ყოველწლიურად, როდესაც აგვისტოს ომის თარიღი ახლოვდება, ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იწყებენ ათასგვარ ტყუილებსა და კონსპირაციის თეორიებზე საუბარს.
მისი თქმით, ისინი კვლავ ადანაშაულებენ საქართველოსა და მის წინა ხელისუფლებას და ეს ყველაფერი მათი ნეგატიური კამპანიის ნაწილია.
„ამჯერად შედარებით ახალი კონსპირაციის თეორია აქვთ ამერიკის ჩართულობაზე, დასავლეთის ინტერესებსა და შესრულებულ დავალებებზე - მე არ ვფიქრობ, რომ ამაზე შეიძლება რაიმე სერიოზული პასუხი არსებობდეს, ომის საკითხები ისედაც ყველასთვის ნათელია.
გამოძიება იყო ძალიან გამჭვირვალე, საქართველო და მთელი მსოფლიო უყურებდა პირდაპირ ეთერში, სადაც ყველა დეტალი იქნა მიწოდებული. გარდა ამისა, უკრაინის ომმა დაადასტურა, რომ გარდაუვალი იყო ომი, იქნებოდა ეს აგვისტოში, თუ სხვა დროს, რუსეთი ამას მაინც გააკეთებდა, იმიტომ რომ ეს იყო მისი ამოცანა - საქართველო მოექცია მისი გავლენის სფეროში“ - თქვა გიგი წერეთელმა.