ნებისმიერი დროშის მქონე ყველა ხომალდი, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ მიემართებიან, 20 ივლისის 00:00 საათიდან რუსეთის მიერ განიხილება საომარ მოქმედებებში ჩართულად.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, „შავი ზღვის ინიციატივის“ შეწყვეტასთან დაკავშირებით მეზღვაურებისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების შესახებ საინფორმაციო გაფრთხილება გავრცელდა.
„17 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტა ნიშნავს ნავიგაციის უსაფრთხოების გარანტიების გაუქმებას, ასევე საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნის შეზღუდვას და სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის დახურვას“, - იუწყება რუსული მედია.
„20 ივლისის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები მიჩნეული იქნება უკრაინის კონფლიქტში კიევის მხარეს ჩართულად “.