აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მე-14 შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ-ფორმატში იმართება, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოკავშირეები არ გაჩერდებიან, ვიდრე უკრაინა საჭირო შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ მიიღებს.
„რუსეთის ომი უკვე 500 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ის სრულიად არაპროვოცირებული და უსამართლოა... ერთ წელზე მეტის ხნის შემდეგ მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს არ შეუძლია დამპრობლურ ომში მიზნების მიღწევა.
უკრაინის კონრეშეტევა ამ ტრაგიკულ ომში გადამწვეტი მომენტია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლის ველზე ინიციატივა მოიპოვეს, რათა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინონ“, - განაცხადა ოსტინმა.
„ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ შეიარაღების საკვანძო სისტემები, საბრძოლო მასალები და არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ უკრაინას მივცეთ ის, რაც მას სჭირდება და გავაგრძლებთ უკრაინის დამცველების მხარდაჭერას, როგორც ეს იყო რუსეთის შეჭრის დაწყებისას“, - განაცხადა ოსტინმა.
მისი თქმით, საკონტაქტო ჯგუფის წევრები გააგრძელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნებისა და აღჭურვილობის მიწოდებას, რათა დაეხმარონ მათ უკრაინის დაცვაში და მომავალში აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში.
"უკრაინა იბრძვის თავისი არსებობისთვის, ფსონები ძალიან მაღალია, მაგრამ ეს საკონტაქტო ჯგუფი არასოდეს ერიდებოდა გამოწვევებს. შეერთებული შტატები, ისევე როგორც ამ საკონტაქტო ჯგუფის ყველა წევრი, მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.