თბილისის საქალაქო სასამართლომ მედდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალციხის კლინიკა "იმედის" ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, თეა გზირიშვილი და ბექა ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემაში.
ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ბექა ლიპარტელიანი კი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი, 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.
27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 2021 წლის 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში ანაფილაქსიური შოკით კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.