სამი მსჯავრდებული სამდღიან შვებულებაში გავიდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შაშკინის უწყებიდან აცნობეს, გიორგობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახთან საერთო და მკაცრი რეჟიმის №3, ქსნის №7 და გეგუთის №8 დაწესებულებების მსჯავრდებულები გაატარებენ.
მსჯავრდებულებს თავდებში კერძო კომპანია "დავით ერისთავის იურიდიული ჯგუფი", საქველმოქმედო ორგანიზაცია "ცხოვრების ახალი გზა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები და თავისუფლებები - კავშირი"
დაუდგა.
მსჯავრდებულები, რომლებიც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, სამი დღის განმავლობაში ოჯახთან ერთად იცხოვრებენ, რის შემდეგაც დაწესებულებაში დაბრუნდებიან. მათი მხრიდან შვებულების პირობის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა, 10 ათას ლარიანი ჯარიმა თავმდებ კომპანიებს ცალ-ცალკე დაეკისრებათ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული კომპანიების მაგალითს სხვა კომპანიები და საზოგადოების წარმომადგენლებიც მიბაძავენ. სამინისტროს აზრით, მსჯავრდებულების მიმართ ასეთი თანადგომა დაეხმარება ერთის მხრივ, საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციას, მეორეს მხრივ კი, ხელს შეუწყობს უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და დანაშაულის პრევენციას.