2023 წლის მაისში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს ლატვიაში გამართულ სამუშაო ვიზიტში. ვიზიტის მთავარ მიზანს წამოადგენდა, მონაწილეებს საჭირო ინფორმაცია მიეღოთ, ევროკავშირის ქვეყნებში ახალი ხორცის ირგვლივ არსებულ ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ დაინტერესებულ მხარეთა როლსა და პასახუსმგებლობებზე. სამუშაო ვიზიტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით განხორცელდა, ევროკავშირის ENPARD IV პროგრამისა და FAO-ს პროექტის “ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის პროგრამა“ (NAITS-ი) მხარდაჭერით.
ვიზიტის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის თანამშრომლები, ხორცპროდუქტების ჯაჭვის მიკვლევადობის სისტემას, მათ შორის: ცხოველთა და პროდუქტის გადაადგილების ელექტრონულად მიკვლევადობის პროცესს, მონაცემთა შეგროვებისა და უვნებლობის კონტროლის მექანიზმებს გაეცნენ.
ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სერვისის ექსპერტებმა, ქართველ კოლეგებს, ასევე გაუზიარეს სფეროში არსებულ როლთა გადანაწილებისა და პასუხისმგებლობების შესახებ გამოცდილება, მათ შორის, ბიზნესოპერატორთა პასუხისმგებლობის, ცხოველთა დაკვლისშემდგომი, სურსათის უვნებლობის კონტროლის, HACCP-ის დანერგვისა და სასაკლაოების აუდიტის თემებზე.
„ეს ვიზიტი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ლატვიის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლება. აღნიშნული პრაქტიკა გამოგვადგება ჩვენს ქვეყანაში როგორც სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ასევე ბიზნესოპერატორთა ცნობიერების ამაღლებისთვის, რასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, კერძოდ ვაპირებთ საქართველოში მოქმედი ყველა ცხოველთა სასაკლაოს ბიზნესოპერატორთათვის (სულ 103 ბიზნესოპერატორი) ტრენინგების ჩატარებას, რომელიც განხორციელდება თბილისსა და რეგიონებში. მადლობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)-ს სასწავლო ტურის ორგანიზებისათვის, იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარდაჭერა მომავალშიც გაგძელდება, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, - განაცხადა სურსათის უვნებოლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პაატა ქურდაძემ, რომელიც ვიზიტში მონაწილეობდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და გაზიარება, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების, მაშინ როდესაც საქართველოში ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-მიკვლევადობისა და რეგისტრაციის სისტემის (NAITS) მდგრადობაზე ვსაუბრობთ. NAITS-ი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სასურსათო სისტემის გაუმჯობესების გზაზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაში“, - განაცხადა FAO საქართვლოს ტექნიკურმა მრჩეველმა, დრაგან ანგელოვსკიმ.
საქართველოს ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემა (NAITS) აღრიცხავს, ინახავს და აანალიზებს დეტალურ ინფორმაციას იმ ცხოველების შესახებ, რომელთა რეგისტრაციასაც კანონი ითვალისწინებს. მათ შორისაა მონაცემები ცხოველთა ჯანმრთელობის, ადგილმდებარეობის, გადაადგილების, მათზე პასუხისმგებელი პირებისა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
NAITS-ს ახორციელებს FAO ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს მნიშვნელოვანი ამოცანა აკისრიათ - სურსათის უვნებლობის მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციები სრულად დანერგონ საქართველოში. ჩვენ მოხარული ვართ, მათ ამ მისიაში მხარი დავუჭიროთ, იქნება ეს ტექნიკური მხარდაჭერა თუ შესაძლებლობების შეთავაზება, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტისა და კოლეგებისგან გამოცდილების გაზიარების კუთხით, მათ შორის, ლატვიაში. სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოში სასარგებლო იქნება მომხმარებლბისთვის და ქართული პროდუქტის საექსპორტო შესაძლებლობებს შეუწყობს ხელს“, - განაცხადა FAO საქართველოს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.
—
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.