საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, ივანა ფერნანდეს დუარტემ ღია ბანკინგის ტექნიკური სენდბოქსის პროექტს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას საბანკო სექტორისა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღია ბანკინგის/ფინანსების განვითარების და მომხმარებლებისთვის მისი სარგებლიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა IFC-სთან თანამშრომლობით ტექნიკური სენდბოქსი მიმდინარე წლის მაისში დააანონსა.
"საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ინერგება. IFC-სთან ერთად აღნიშნული პროექტის ხელმოწერა მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ჩართული სტარტაპ და ფინტექ კომპანიებისთვის," - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.
IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ განაცხადა: "საქართველოში ღია ბანკინგის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში საფინანსო ბაზრის მოდერნიზებისა და გაძლიერებისთვის. ღია ბანკინგი ხელს უწყობს ფინტექ სექტორის ზრდას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ფინანსური სერვისების გაუმჯობესებას როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის. IFC მიესალმება საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას ამ სფეროში, რადგან ეს თავის მხრივ წაახალისებს საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების უფრო ფართოდ დანერგვას გლობალური ტენდენციების შესაბამისად."
ტექნიკური სენდბოქსი - რეალურ სატესტო გარემოში, ინოვაციური ფინანსური პროდუქტების შექმნისთვის საჭირო აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისების (API) გამოყენებით სერვისების ტესტირების შესაძლებლობას იძლევა.
ტექნიკური სენდბოქსის ფარგლებში, ეროვნული ბანკი და IFC მონაწილეებს საშუალებას მისცემს სატესტო გარემოში გაიარონ ღია ბანკინგის ორი წინასწარ შერჩეული API-ის შესაძლებლობები და მათი გამოყენებით სცადონ ინოვაციური და მომხმარებლებისთვის საინტერესო ფინანსური პროდუქტების შექმნა.
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 22 კვირა. ტექნიკური სენდბოქსისთვის შერჩეული API-ების შესახებ გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკი IFC-სთან ერთად, პროექტის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მონაწილეობის დაწყებასთან დაკავშირებით შესაძლებლობა ექნება მიმართოს ღია ბანკინგის ჯგუფს - ob@nbg.gov.ge ან ინოვაციების ოფისს - innovationoffice@nbg.gov.ge. განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.