ბერლინში გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საპარლამენტო მდივან ოფელია ნიქთან.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.
ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ღვინის და თხილის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის ღონისძიებებს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ და მომავალში გერმანული მხარის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. განხილვის საგანი იყო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სირთულეები, სასურსათო დანაკარგებთან დაკავშირებული საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარების გამო არსებული გამოწვევები. ასევე განხილულ იქნა ორგანული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის შესაძლებლობები.
ნინო თანდილაშვილმა გერმანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საპარლამენტო მდივანმა ოფელია ნიქმა გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობის გაძლიერებისთვის და სურვილი გამოთქვა ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს დარგში არსებულ მდგომარეობას და დაგეგმოს სამომავლო ნაბიჯები.