გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირთან“ არსებულ მოსწავლეთა საკრებულოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას გარემოს დაცვის სფეროში, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ასევე საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელისშეწყობას ერთობლივი ღონისძიებების გატარებით. ასოციაციის ჩართულობის გაზრდას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ დაგეგმილ მწვანე აქტივობებში. ხოლო კომიტეტი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს მოსწავლეებისთვის გამოცდილების გაზიარებას.
მემორანდუმის ხელმოწერამდე მოსწავლეებმა მათი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ შეხვედრაზე კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მიღებულ საკანონმდებლო აქტებზე, რომელიც გარემოს დაცვის აქტუალიზაციას ემსახურება. მათ შორის განსაკუთრებით აღნიშნა „კლიმატის ცვლილების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიღებაც ერთი მხრივ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მეორე მხრივ ზუსტად განსაზღვრავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების როლს და ასევე, ბიზნესისა და მოქალაქეების ვალდებულებებსა და უფლებებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კუთხით. მან ახალგაზრდებს ის კანონპროექტებიც გააცნო, რომლებზეც ახლა მიმდინარეობს კომიტეტში მუშაობა.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ახალგაზრდები არიან დაინტერესებული გარემოს დაცვის საკითხებით, „მოხარული ვარ, რომ ისეთ რეგიონში როგორიც ჭიათურაა, არსებობს ამგვარი ორგანიზაცია, ამგვარი მონდომება ახალგაზრდების, რომ მეტად იყვნენ ჩართულები ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობის აღქმები, მათი გადაწყვეტილებები, მათი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სამშობლო სამომავლოდ. ისე რომ ჩვენი ინტეგრაცია საერთაშორისო სივრცეში და ასევე, ჩვენი ეროვნული ღირებულებები იყოს თანაბარზომიერად დაცული. მე მჯერა მომავალი თაობის და მჯერა, რომ ახალგაზრდების ხედვა არის ის სწორი, ნათელი ხაზი, რომელიც საბოლოოდ ჩვენ სწორ, მართალ და დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებისკენ მიგვიყვანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ ჭიათურელ მოსწავლეებთან შეხვედრაზე.