სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-IV) ფარგლებში მიმდინარე პროექტის “საქართველოში სურსათის კონტროლის სისტემის შეფასება“ დეტალები განიხილეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
სამუშაო ფორმატში წარმოდგენილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ შემუშავებული სურსათის კონტროლის შეფასების ინსტრუმენტები.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ გახსნა.
„მნიშნელოვანია, რომ FAO-ს მხარდაჭერით, გვაქვს ეს უნიკალური შესაძლებლობა დავიწყოთ სურსათის კონტროლის სისტემის სიღრმისეული შეფასება. ეს ნიშნავს იმას, რომ გაანალიზდეს, ამ მიმართულებით არსებული მოცემულობა, საკანონმდებლო სივრცე, ადამიანური რესურსები, ინფრასტრუქტურა და სწორად განისაზღვროს ის საჭიროებები, რაც ჩვენ საქმიანობას უფრო მეტად გააუმჯობესებს“-აღნიშნა კახა კაკაბაძემ.
„ევროკავშირის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO ფოკუსირებულია საქართველოში სურსათის უვნებლობასა და სანიტარული და ფიტოსანიტარული სისტემის განვითარების პროცესის ხელშეწყობაზე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებთან, რათა შევისწავლოთ სურსათის კონტროლის არსებული სისტემა და დავადგინოთ თუ რა მიმართულებით საჭიროებს ის გაუმჯობესებას. FAO-ს სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ყველა იმ უწყებას, რომელმაც გამოხატა მზაობა, რომ ჩაერთოს პროცესში და მჭიდროდ ითანამშრომლოს FAO-ს შეფასების ჯგუფთან“ – განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.
შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა, სააგენტოს ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ხაზგასმით აღნიშნა სურსათის კონტროლის ეროვნული სისტემის მნიშვნელობა და მისი გამართულად მუშაობის როლი მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვაში და კონკურენტუნარიანი სურსათის წარმოების უზრუნველყოფაში.
აღსანიშნავია, რომ ENPARD-IV ფარგლებში მიმდინარე პროექტი საქართველოში სურსათის კონტროლის სისტემის შეფასების საკითხებზე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სწავლებების გამართვას ითვალისწინებს და გაკეთდება შეფასებები, რომელიც სურსათის უვნებლობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში აისახება.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.