საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის წარდგენას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ესწრებოდნენ.
„მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ კლიმატის ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონკრეტული ხედვები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორი გახდეს უფრო მეტად კლიმატგონივრული და კლიმატთან ადაპტაციის ღონისძიებები დაიგეგმოს და განხორციელდეს ევროკავშირის საერთაშორისო დონეზე მიღებული პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები არსებულ სახელმწიფო პროგრამებში, დავნერგოთ ისეთი დამატებითი მექანიზმები, რაც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის ადაპტაციის შესაძლებლობებს გაზრდის და აღნიშნული სექტორიდან ჰაერში მავნე გაფრქვევებს მინიმუმამდე შეამცირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში, FAO-ს მიერ ჩატარდება სიღრმისეული და დეტალური შეფასება, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს განისაზღვროს მკაფიო ხედვა და მომზადდეს ზუსტი სამოქმედო გეგმა, რათა სოფლის მეურნეობის სექტორში დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ერთი მხრივ, მიმართული იქნება კლიმატის ცვლილებების პროცესებთან ადაპტაციის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, სასოფლო-სამეურნეო სექტორიდან ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს.
„საქართველოში პროგრამების განხორციელების თითქმის 20-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს აგროსასურსათო სისტემაში კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და ემისიების შემცირებით მდგრადი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ერთობლივი ძალებითა და FAO-სა და პარტნიორების საუკეთესო გამოცდილებების გაერთიანებით, შეგვიძლია აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმირება, რომლებიც საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისათვის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყნის მდგრადი მომავლის განვითარებას დაეხმარება“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.
პროექტი „სტრატეგიული მზაობა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განსახორციელებლად და კლიმატის მდგრადობის მისაღწევად: სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაცია დაბალემისიიანი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი მიდგომებით“ დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მზაობის პროგრამის ფარგლებში და განხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.
პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგროსასურსათო სექტორის ექსპერტები და სპეციალისტები.