საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სებ-ის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ქვეყნის მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი ასევე შეეხო იმ გლობალურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკი დგას. გარდა ამისა, არჩილ მესტვირიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი სავალუტო რისკის მინიმიზაციის მიზნით იყენებს.
"იმ პირობებში, როდესაც გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, და საპროცენტო განაკვეთებიც ცვალებადია, მნიშვნელოვანია ფინანსური საქმიანობისას ამ რისკების გავლენის შემცირება შეგვეძლოს. ამისათვის სხვა მეთოდებთან ერთად გამოიყენება ჰეჯირების ინსტრუმენტები. ჰეჯირების ბაზარი სწრაფად ვითარდება, რაც ზრდის შესაბამისი ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობას და ამცირებს მათ ფასს. სულ უფრო მეტი კომპანია იყენებს ამ ინსტრუმენტებს და ეროვნული ბანკიც ხელს უწყობს შესაბამისი ცოდნის გავრცელებას როგორც ფინანსურ ისე კორპორატიულ სექტორში“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
"ევროპული ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის შესაძლებლობა და ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის დიდი როლი ენიჭება. ბანკის წარმომადგენლებმა ყველაფერი გასაგებად ახსნეს, განმარტეს, რომ სავალუტო პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის, რაც ჩვენი ბიზნესების მიმართ საზოგადოების ნდობას ზრდის", - აღნიშნა ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ჯონ ბრეკეველდტმა.