საქართველოს ბანკი წამყვანი ფინანსური გამოცემის, BCR Publishing-ის მიერ ინვოისის დაფინანსების პროვაიდერის კატეგორიაში 2023 წლის გამარჯვებულად დასახელდა.
ინვოისის დაფინანსება ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მოქნილი სერვისია, რომელიც არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას და დაფინანსების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
წელს BCR Publishing-ის ჯილდოს - RFIxAwards-ის ფარგლებში, გამოცემამ უკვე მეხუთედ გამოავლინა ის გამორჩეული ფინანსური ინსტიტუტები, ტექნოლოგიური, ფინტექ თუ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც დებიტორული დავალიანების დაფინანსების ეკოსისტემაში მნიშვნელოვან ინიციატივებს ახორციელებენ და ინოვაციურ გადაწყვეტებს ქმნიან.
გამარჯვებულების შეფასება კომპანიების მიერ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისთვის განხორციელებული ინიციატივების, მდგრადობის, კლიენტების კმაყოფილების დონის და შექმნილი ინოვაციების მიხედვით მოხდა. სწორედ ამ კონტექსტში, გამოცემამ საქართველოს ბანკი ლიდერ ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა.
საქართველოს ბანკი, აქტიურად მუშაობს საკუთარი სერვისების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი ფინანსური მიწოდების ჯაჭვის პროცესის განვითარებას.
„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინიციატივების განხორციელებას. ამისათვის, ვქმნით ისეთ ციფრულ პროდუქტებს, რომლებიც დაეხმარება მათ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და ბაზარზე მასშტაბირების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მხარდაჭერის ხელშეკრულება ADB-სთან (აზიის განვითარების ბანკი) გააფორმა, რათა ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, ბანკის მიერ მრჩეველის სერვისის შეთავაზების გზით მათი მოგების ზრდას. ასევე, ელექტრონული ფაქტორინგის პლატფორმის მეშვეობით შევქმენით პორტფელის დაფინანსების კონცეფცია, რომლის დახმარებითაც, კომპანიებს შეუძლიათ მოითხოვონ ფინანსური რესურსი ნებისმიერ დროს, ონლაინ. სტარტაპების განვითარების ხელშეწყობის მიზნით კი საქართველოს ბანკმა შექმნა ახალი პროდუქტი - „სესხი სტარტაპებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების ზრდასა და განვითარებას. წამყვანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, BCR Publishing-ის მხრიდან მოპოვებული აღიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ ახალი, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტები“,- აღნიშნავს სულხან გვალია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ინფორმაციისთვის, BCR Publishing-ი 1992 წელს დაფუძნებული გამოცემაა, რომელიც დებიტორული ფინანსური ინდუსტრიისთვის ფინანსური სიახლეების, ბაზრის კვლევის და ტრენინგების წამყვან მიმწოდებლად სახელდება.
გამომცემლობა თანამშრომლობს ინდუსტრიის ლიდერ ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, მთავრობებთან და უნივერსიტეტებთან, რათა გლობალურ აუდიტორიას მიაწოდოს ექსპერტიზა ფაქტორინგის, დებიტორული დავალიანებებისა და ფინანსური მიწოდების ჯაჭვის პროცესის შესახებ.