საქართველოს ეროვნული ბანკი 2023 წლის ივნისის "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს.
ძირითადი ტენდენციებია:
ინფლაცია - მაისში წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ჩამოცდა და 1.5% შეადგინა.
საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს, თუმცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია.
საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები სტაბილურად იკლებს და მცირდება საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას ხელს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უწყობს.
საბანკო სექტორი - 2023 წლის აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.2%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1,6 პპ-ით შემცირდა და 51.4%-ს შეადგენს.
საგარეო სექტორი - იმპორტი - 2023 წლის აპრილში საქონლის იმპორტი წლიურად 9.8%-ით გაიზარდა, რაც უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა.
ექსპორტი - 2023 წლის აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 20.4%-ით გაიზარდა.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.