ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5 % ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რომ აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობა.
„ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, დასაწყობების, ინფორმაციის, კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის პირველი, მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. მშვიდობა არის ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესსექტორში ბრუნვა პირველ კვარტალში საკმაოდ გაზრდილია. ფაქტები მინდა მოვიყვანო, 15%-ით არის დაახლოებით გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში და შეადგინა 44 მლრდ ლარი, რაც რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხობს იმას, რაც გითხარით და პირდაპირ არის ასახული ყველაფერზე.
ასევე, გამოშვების ზრდაში ზოგადად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის ზრდამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, განთავსების საშუალებების და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა,“- განაცხადა პრემიერმა.