თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით 2023 წლის 30-31 მაისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიხსნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“.
ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების ახალ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.
„ეკონომიკური განვითარების ცვალებადი პარადიგმებისა და სწრაფად მზარდი გამოწვევების ეპოქაში, განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტების უზრუნველყოფა, ჩვენგან მოითხოვს რაციონალურ, გონივრულ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს.
ეკონომიკის გააქტიურება და სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური სისტემის გაზრდა, ურბანული პროექტების განხორციელება, ბიზნეს - მეგობრული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ინოვაციების დანერგვა ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია და არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით.
დამეთანხმებით, რომ მარტო ხელისუფლება ამ ურთულესს გზაზე უძლურია და მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთმხარდაჭერით.
შემიძლია ამაყად ვთქვათ, რომ დღეს, ჩვენს დედაქალაქში, ურბანული განვითარების პროექტების განხორციელების ტემპი აღნიშვნის ღირსია.
ჩვენ, სკრუპულოზურად ვუდგებით ქალაქის თითოეული უბნის კეთილმოწყობას და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ. ვაცოცხლებთ ძველს და ვქმნით ახალს. სიღრმისეულად ვიაზრებთ ყველა არსებული გამოწვევის არსს, რომელიც საჭიროებს მრავალმხრივი მიდგომების ჩამოყალიბებას და სწორი აქცენტების დასმას. ეს კი დაუღალავი შრომით და ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფის სრული ჩართულობით მიიღწევა. ჩვენს მთავარ ორიენტირს ჩვენი მოქალაქეები წარმოადგენენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი ბევრად მასშტაბური და დატვირთულია.
„დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი თემატიკა ასახავს ურბანული ცხოვრების თანამედროვე, გლობალურ ტენდენციებსა და საჭიროებებს. დღეს აქ შევიკრიბეთ არა მარტო წარმატებებზე და მიღწევებზე სასაუბროდ, არამედ, იმ სირთულეების დაძლევაზე ერთად დასაფიქრებლად, რომელიც ასე აქტიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში; ვიმსჯელოთ თანამედროვე მიდგომებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ხედვები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
სიტყვის დასასრულს დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების სტუმრებს და პარტნიორებს.
„მსურს მადლობა გადავუხადო ღონისძიების პარტნიორებს, ადგილობრივ და უცხოელ სპიკერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია გვერდში გვიდგანან და ჩვენთან ერთად მუშაობენ როგორც ქალაქების, ასევე რეგიონის განვითარებაზე, ასევე ჩვენ უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, რომლებიც არაერთხელ გამხდარან მისაბაძი მაგალითი მათ მიერ დანერგილი ინოვაციების, ადგილობრივი დაგეგმარებისა და განვითარების მიმართულებით. დამეთანხმებით, რომ მუნიციპალიტეტების როლი რეგიონულ განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს. აქ მყოფ სტუდენტებს და საშუალო სკოლის მოსწავლეებს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გამოხატავენ დასწრების ინტერესს და სიახლეების გაცნობის სურვილს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ფორუმს ესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ასევე დიპლომატები, უცხოელი სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
ფორუმის თემატიკა მოიცავს ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს, რომელიც მოითხოვს ქალაქების სრულ ჩართულობას და პროაქტიულ ქმედებებს.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP საქართველო, M4EG), ევროკავშირი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), დანიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო. ასევე კომპანიები: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ქალაქური“, „სარაჯიშვილი“.