საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგში ჩართვის წესი დაამტკიცა. წესის მთავარი მიზანი ერთი მხრივ, სუბიექტების ღია ბანკინგში ჩართვის პროცესის მოწესრიგება, ხოლო მეორე მხრივ, ჩართული სუბიექტების მომსახურების გამართულობის, სანდოობისა და დაცულობის უზრუნველყოფაა.
ახალი წესის მიხედვით, არასაბანკო ინსტიტუტებს, დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ ღია ბანკინგში ჩაერთონ როგორც ანგარიშზე ინფორმაციის წვდომის, ისე გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად. ღია ბანკინგში ჩართვა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებად ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესიც დაამტკიცა, რომლითაც ახალი ტიპის საქმიანობის, ანგარიშზე ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის საშუალებას ნებისმიერ პირს, მათ შორის სებ-ის აქამდე არარეგულირებად სუბიექტებს მიეცათ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ღია ბანკინგში ჩართვის პროცესში დახმარება გაუწიოს ნებისმიერ სუბიექტს, ასევე, უპასუხოს დაინტერესებულ მხარეთა შეკითხვებს ინოვაციების ოფისის ელექტრონულ მისამართზე - innovationoffice@nbg.gov.ge.