საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგულირების წესის" განახლებაზე მუშაობა დაასრულა.
განახლების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ღია ბანკინგთან დაკავშირებული ორი ახალი საგადახდო მომსახურების - ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურების დამატება, რომელიც ხელს შეუწყობს საგადახდო მომსახურების სექტორის განვითარებასა და დივერსიფიკაციას. ამავე დოკუმენტში განსაზღვრულია საგადახდო მომსახურების პროვაიდერთა რეგისტრაციის განაცხადის მიღების წესი და სარეგისტრაციო მოთხოვნები.
განახლებული წესით ასევე განსაზღვრულია მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭების, პროვაიდერის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების, მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მფლობელების და საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეების წილობრივი მონაწილეობის ცვლილების შესახებ შეტყობინების და რეგისტრირებული პროვაიდერების მიმართ სხვა მნიშვნელოვანი ვალდებულებები.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების განახლებული წესი მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, შესაბამისად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციით დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადის წარდგენისას სწორედ განახლებული წესით უნდა იხელმძღვანელონ. დოკუმენტი განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - სამართლებრივ აქტებში.