დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მზად არის ბახმუტში პოზიციები ჩეჩნეთის ლიდერ, რამზან კადიროვის მებრძოლებს გადასცეს.
ამის შესახებ ნათქვამია პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მადლობას ვუხდი რამზანს, რომ დამთანხმდა. მას აქვს სავარაუდოდ, ყველანაირი შესაძლებლობა აუცილებელი და საჭირო რესურის მისაღებად, იმისთვის, რომ დაიკავოს ბახმუტში ჩვენი პოზიციები.
მე უკვე დავუკავშირდი მის წარმომადგენლებს, რათა პოზიციების გადაცემა დაუყოვნებლივ განხორციელდეს, იმისთვის, რომ 10 მაისს ზუსტად 00.00 საათზე, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს, ჩვენი ადგილი დაიკავონ ჩვენმა მეგობრებმა და გააგრძელონ ბახმუტის შტურმი“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ ბახმუტში უკრაინის შეიარაღებული ძალები „ორ კვადრატულ კილომეტრზე ოდნავ მეტს აკონტროლებენ“.
მანამდე პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისამართით რამდენიმე ვიდოეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ მისი მებრძოლები საბრძოლო მასალის უკიდურეს ნაკლებობას განიცდიან და უაზრო სიკვდილისთვის არიან განწირულნი. მან „ვაგნერის“ საბრძოლო მასალით დაუყოვნებლივ მომარაგება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხევვში კი 10 მაისიდან ბახმუტიდან „ვაგნერის“ მებრძოლების გაყვანით დაიმუქრა.