თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც წარმატებული საკონცერტო ტურნეს შემდეგ, ფინეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, 15 მაისს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კანადელ დირიჟორთან, ნურჰან არმანთან ერთად გამართავს კონცერტს.
კონცერტის სოლისტები იქნებიან თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო) და დიმიტრი ბოქოლიშვილი (კლარნეტი)
მენდელსონის, პუჩინისა და შოსტაკოვიჩის მუსიკასთან ერთად შესრულდება ქართველი კომპოზიტორის, ირაკლი ცინცაძის კლარნეტის კონცერტის მსოფლიო პრემიერა.
ირაკლი ცინცაძის კლარნეტის კონცერტის პრემიერას, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი, კლარნეტისტი დიმიტრი ბოქოლიშივილი, ხოლო მენდელსონის საფორტეპიანო კონცერტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, პიანისტი თამარ ლიჩელი შეასრულებენ.
კონცერტს უდირიჟორებს კანადელი დირიჟორი - ნურჰან არმანი.
ნურჰან არმანი სტამბოლში დაიბადა. მან, როგორც მევიოლინემ თავისი პირველი სოლო კონცერტი 13 წლის ასაკში დაუკრა. მოპოვებული აქვს დისნეის ფონდის სტიპენდია. შეერთებულ შტატებსი ჩასვლის შემდეგ, მართავდა კონცერტებს, გამოდიოდა დიდ ქალაქებში, ასევე პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე: ტანგლვუდში, სპოლეტოში, ნიუ-იორკსა და ფლორიდაში. აშშ-ის წამყვანი ორკესტრების კონცერტმაისტერად რამდენიმე საკონცერტო სეზონის მუშაობის შემდეგ დაიწყო მისი სადირიჟორო კარიერა და მას მერე მთელი მსოფლიო მოიცვა.
1982 წელს, ნურჰან არმანი კანადაში გადავიდა, რომ North Bay Symphony ორკესტრის და Northern Music Festival-ის მუსიკალური დირექტორის პოსტი მიეღო. 1987 წელს, იგი დაინიშნა New Brunswick Symphony ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად, რომელიც მალე, რეგიონის მთავარ ორკესტრად აქცია. 1993 წლის მარტში, ნურჰან არმანი დაინიშნა ერევნის სიმფონიური ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორად. 1998 წელს, მაესტრო არმანმა დააარსა Sinfonia Toronto, რომელიც კანადის ერთ-ერთ საუკეთესო კამერულ ორკესტრად ითვლება.
მაესტრო არმანი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი იყო, მათ შორისაა ფიტელბერგის დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსი პოლონეთში, კანადის დირიჟორების კონკურსი და ჰაინც უნგერის კონკურსი. იგი დირიჟორობას ასწავლიდა: ნიუ-იორკის ბროკპორტის ფესტივალზე, ფლორიდის ფესტივალზე, კანადის ორფორდის ხელოვნების ცენტრში, ჩრდილოეთ მუსიკალურ ფესტივალზე და ასევე მუსიკის სამეფო კონსერვატორიაში.
ნურჰან არმანს ჩაწერილი აქვს CBC რადიოს, PBS, პოლონეთის მაუწყებლობის, ჩეხეთის რადიოს, კორეული მაუწყებლობის, ლიტვის ტელევიზიის, სომხეთის რადიოსა და ტელევიზიისთვის. მისმა ჩანაწერმა "Flanders Fields" “Sinfonia Toronto”-სთან ერთად, კანადის ჯილდო - Juno მოიპოვა.
„საქართველოს სინფონიეტა“ მალე, გერმანიაში, იმლინგის ფესტივალზე გაემგზავრება და შემოდგომამდე თბილისში კონცერტს აღარ გამართავს.
15 მაისს კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის დიდი დარბაზის სალაროში და პორტალზე - www.biletebi.ge