პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს არანაირი შეხება არ ჰქონია ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან.
მისი თქმით, სერგო შუბითიძის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა.
„სერგო შუბითიძეს გამოძიების მიერ დაესვა შესაბამისი კითხვები, გამოძიება გრძელდება და საქმეს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რასაც საზოგადოებას გავაცნობთ. დადასტურებულად რაც შემიძლია გითხრათ, არის, რომ სერგო შუბითიძეს არ ჰქონია არანაირი შეხება თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან, ის წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს და მის მიერ არ ჩატარებულა რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საბოლოო შედეგზე გავლენას იქონიებდა. სამართლებრივ შეფასებაში იგულისხმება, რომ ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და თუ კონკრეტული პირის მიერ რომელიმე დანაშაული გამოიკვეთება, რასაკვირველია, დადგება შესაბამისი რეაგირება, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ. დეტალებს, რაც უშუალოდ საქმეს ეხება, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. სერგო შუბითის დაკითხვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა პროკურორმა მარი მეშველიანმა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.