თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
ამის მიზეზი საქმის პირველი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის ინტერვიუ გახდა, რომელიც მან ტელეკომპანია “ფორმულას“ მისცა.
მშობლების თქმით, საქმეში ახალი გარემოებებია, რაც ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.
„დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, ისევ მათი უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთ იცის, რაც ხდება ამ სისტემაში და უტყუარი ფაქტები მოიყვანა, ამიტომ აუცილებელია თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე. ყველა ვარიანტში უნდა დაიწყოს [გამოძიება], რას გააკეთებენ, მაგათ ტვინებში რა ხდება მე არ ვიცი. თავიდანვე ყველაფერს აყალბებდნენ და სავარაუდოდ, ახლაც ყველა ღონეს იხმარენ, რომ პირიქით ეს კაცი გამოიყვანონ დამნაშავე", - თქვა თეონა თამაზაშვილმა.
ადვოკატების თქმით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.
„ვითხოვთ, თავიდან დაიწყოს საქმის გამოძიება, რომ ნათელი გახდეს, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იყო გამოძიება სპეციალურად ისეთი ფორმით წაყვანილი, რომ ყოფილიყო თვითმკვლელობის კვალიფიკაცია. შესაბამისად, ჩვენ უკვე ოფიციალურად ვითხოვთ, პროკურატურამ ხელმეორედ დაიწყოს გამოძიება, მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოკლული თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ყველაფერი გაკეთდეს და ჩატარდეს ისე, როგორც სამართლიან და ნორმალურ კანონიერ ქმედებას ახასიათებს. პირველი დღიდან საქმეში არსებული ყველა ქმედება და ის, რაც ჩვენ მიერ საგამოძიებო მოქმედებებისას იქნა მოპოვებული, არათუ ეჭვს ბადებს, პირდაპირ ადასტურებს თამარის მკვლელობას“, – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის თქმით, არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია.