თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულიც ესწრება.
სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ამასთან, დღესვე იმსჯელებენ პატიმრობის მიზანშეწონილობაზეც.
დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. საწინაამღდეგო მოთხოვნა აქვს პროკურორს, რომელიც აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში უნდა დარჩეს.
სხდომის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციას ესწრებოდნენ მისი მხარდამჭერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.
გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.