სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.
ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თავად არის მსხვერპლი.
“რენატა ბეგიაშვილისგან მონაყოლი ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, - განაცხადა მან.
იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა. უწყებამ ბრალდება უკვე წარუდგინა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ძალადობაში ადანაშაულებდა თავის ყოფილ პარტნიორს, მისი შვილის მამას შალვა იაშვილს. როგორც ბეგიაშვილი წერდა, ის წლების განმავლობაში ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო.