„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“ ობლიგაციების პირველი ემისია - 15,000,000 აშშ დოლარის ოდენობით წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ჯამურად დაგეგმილი 30,000,000 აშშ დოლარამდე ემისიის პირველი ტრანშია. მეორე ტრანშის ემისია 2023 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
განთავსებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ია (მთლიანი დარიცხული სარგებელი გადასახადების ჩათვლით). ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი დაფარვა 2025 წლის 21 აპრილს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა მოთხოვნამ გადააჭარბა გამოშვებული ქაღალდების მოცულობას, რაც ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს.
ემიტენტი გამოშვებული ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვებას გეგმავს. კომპანიას ასევე შემუშავებული აქვს მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩო (Sustainability-Linked Bond Framework), რომელზეც „მეორე მხარის მოსაზრება“ (Second Party Opinion) დამოუკიდებელმა შემფასებელმა, DNV Business Assurance Norway AS-მ გასცა. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოშვება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ჯეოსთილი“ ხელს უწყობს ადგილობრივი ადამიანური რესურსების განვითარებას და ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პრაქტიკის დანერგვით აფართოებს ბიზნეს პროცესებს.
„ჯეოსთილი“ საქართველოში პირველი და ერთადერთი მძიმე მრეწველობის სექტორში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებს უშვებს. კომპანია ობლიგაციების პირველი ემისიიდან მიღებულ სახსრებს კაპიტალური დანახარჯებისა და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს .
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „ჯეოსთილმა“ ჯამურად დაგეგმილი $30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პირველი ტრანში, $15 მილიონი აშშ დოლარი, წარმატებით გამოუშვა. ეს არის პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ ტრანზაქცია წაახალისებს მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და სხვა კომპანიებს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ მათაც დაიწყონ მუშაობა გარემოდასცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს მძიმე მრეწველობის სექტორის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს განთავსების აგენტს - Galt & Taggart; და ყველა სხვა ჩართულ მხარეს," - განაცხადა ბალაკრიშნან საჯივიმ, „ჯეოსთილის“ გენერალურმა დირექტორმა.
„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელების პროცესში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების განთავსებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ეს ტრანზაქცია „გალტ & თაგარტისა“ და „ჯეოსთილის“ პირველი ერთობლივი განთავსებაა და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება. მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტის”-ის მმართველმა დირექტორმა.