თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბიზნესცენტრ "ატრიუმში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მუშაობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, დასაბუთებული ვარაუდი აქვთ, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ განთავსებული იყო ე.წ. ქოლცენტრი, საიდანაც ჰპარავდნენ ევროპის მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგებს და კიბერდანაშაული ხორციელდებოდა.
მისი თქმით, ამის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინეს. ფარულავას კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ჩვენ შევატყობინეთ სავარაუდო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის შესახებ, ქოლცენტრზე ინფორმაცია გადავეცით პოლიციას და როგორც ჩანს, შევიდა პოლიცია. იმედია, საქართველოში აღმოიფხვრება ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, ვინაიდან ამ ოფისებს სავარაუდოდ ჰყავს მფარველები ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომ იყო, რომ სავარაუდოდ ეს ე.წ. ოფისი ჩვეულებრივად ოპერირებდა. ჩვენ გვქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ბიზნესცენტრში იყო განთავსებული ე.წ. ქოლცენტრი, საიდანაც მიდიოდა კიბერდანაშაული, საიდანაც ჰპარავდნენ ევროპის მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგებს. ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა, ეს იყო დასაბუთებული ვარაუდი და ამ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით შევიდა შესაბამისი საგამოძიებო უწყებები“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.