საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 22 და 23 აპრილს, „ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრის“ ძველებური მუსიკის კონცერტების ციკლის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - „საქართველოს სინფონიეტა“ ბაროკოს მუსიკის კონცერტებს გამართავს. რაუმასა და ჰელსინკიში „ძველებური ცეკვები“ შესრულდება.
ბაროკოს მუსიკის საკონცერტო პროგრამა - „ძველებური ცეკვები“ პირველად 2018 წელს, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში გახორციელდა. მას შემდეგ პროექტი, სხვადასხვა შემსრულებელთან ერთად, როგორც კონეცრტის, ასევე მუსიკალური ქორეოგრაფიის სახით არაერთხელ შესრულდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სინფონიეტამ“, 2020 წელს, „ძველებური ცეკვების“ აუდიო დისკი გამოსცა.
პროექტი - „ძველებური ცეკვები“ მოიცავს მე-17 და მე-18 საუკუნის სხვადასხვა კომპოზიტორის ცეკვებსა და ინსტრუმენტულ არიებს. საკონცერტო პროგრამა იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ძველებურ ცეკვებს ერთ საორკესტრო სიუიტაში აერთიანებს.
საორკესტრო სიუიტის ვერსიის ავტორია, „საქართველოს სინფონიეტას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გიორგი ქერელაშვილი.
პროექტი - „ძველებური ცეკვები“, განახლებული ვერსიით, ახლა უკვე ფინეთში შესრულდება:
22 აპრილს, კონცერტი ჩატარდება ქალაქ რაუმაში, წმინდა ჯვრის მონასტერში.
23 აპრილს კი ჰელსინკის საკონცერტო დარბაზი Camerata Hall უმასპინძლებს „საქართველოს სინფონიეტას“.