საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა. მევენახე ფერმერები ვაზის მოსავლის დაზღვევას 70%-იანი თანადაფინანსებით შეძლებენ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ფერმერების აქტიურად ჩართვას პროგრამაში.
„შარშან დაახლოებით 8000 ჰა-ის ფარგლებში იქნა დაზღვეული ვენახის ფართობი და ეს, ვფიქრობ, რომ არ არის მაღალი მაჩვენებელი, რადგან მხოლოდ კახეთში აღრიცხული გვაქვს 40-41.000 ჰა-ზე მეტი ვენახი; შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, რომ მეტი სტიმული მიეცეთ ფერმერებს ჩაერთონ პროგრამაში... მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო თითოეულ ფერმერს, ისარგებლონ მნიშვნელობანი მხარდაჭერით, რომელიც აქვთ სახელმწიფოსგან 70%-იანი თანადაფინანსების სახით და დააზღვიონ მოსავალი, დააზღვიონ მათი რისკები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევა არის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. პროგრამა, 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება. აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილება ხელს შეუწყობს გაიზარდოს დაზღვეული ვენახების ფართობები, რადგან მევენახე ფერმერებისათვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა დაზღვევა სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი თანამონაწილეობის გამო. თავი მხრივ, სახელმწიფოს გაზრდილი თანამონაწილეობა პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებს რისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევის მეტ შესაძლებლობას აძლევს.
აგროდაზღვევა თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორიცაა, სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. პროგრამაში ჩართული ყველა ფერმერი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. 2014 წლიდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში, 65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150,700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.