გერმანიის მიერ დაპირებული Leopard 2-ის ტიპის 18 ტანკი, უკვე უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა Spiegel წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ასევე იუწყებიან, რომ უკრაინას უკვე გადაეცა Marder-ის ტიპის ქვეითთა 40 საბრძოლო მანქანა.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიიდან ტანკები გასული კვირის ბოლოს გამოვიდა და უკრინის მხარეს საზღვარზე ცოტა ხნის წინ გადაეცა.
უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ იანვრის ბოლოს გამოცხადდა. ბერლინის თანხმობამ გზა გაუხსნა გერმანული ტანკების გაგზავნას უკრაინაში არა მხოლოდ გერმანიიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებსაც შეიარაღებაში ამ ტიპის ტანკები აქვთ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში გერმანია უკრაინელ ჯარისკაცებს დაჩქარებული პროგრამით ამზადებდა შეიარაღების ურთულესი სისტემების გამოყენებას. ასევე გერმანიაში იმყოფებოდნენ უკრაინელი ტექნიკოსები, რომლებსაც გერმანელი სამხედრო მოსამსხურეები ამზადებდნენ.
Leopard 2 ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე მთავარ საბრძოლო ტანკს წარმოადგენს მსოფლიო შეიარაღების ბაზარზე. ის აღემატება რუსულ ტანკებს საცეცხლე სიმძლავრით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მტრის სამიზნე პირველივე სროლისას გაანადგუროს.