თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა.
JFTC-ის მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა - გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის ქვედანაყოფებს სხვადასხვა ლოკაციაზე ეწვია. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს გააცნეს JTEC-ში მიმდინარე წვრთნებისა და სწავლებების ღონისძიებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, მათ შორის განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი სწავლება „ნატო-საქართველო 2025“-თან დაკავშირებული საკითხები.
ვიზიტი JTEC-JFTC პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებასა და სამომავლო განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას.