ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში წელს ფერმერთა აგრონომიული საველე ტრენინგები დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საგანმანათლებლო შეხვედრებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ევროკავშირის პროექტ ENPARD IV-ის ფარგლებში. ტრენინგების მიზანია მცირე და საშუალო ფერმერებისთვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკებზე ინფორმაციის გაზიარება. განსაკუთრებული აქცენტი სურსათის უვნებლობაზე კეთდება.
ტრენინგებზე FAO-ს აგრონომები მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების მართვის, უვნებელი კომპოსტირებისა და გარემოსა და პროდუქტში ნიტრატების რეგულირების საუკეთესო მეთოდებს ასწავლიან. ევროკავშირის მხარდაჭერილ ფერმერთა საველე ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, ფერმერები მეტი და უკეთესი ხარისხის, უვნებელ მოსავალს აიღებენ. შედეგად, გაიზრდება მათი კონკურენტუნარიანობა და შესაბამისად შემოსავალიც.
პესტიციდების არაეფექტური გამოყენება, არასწორი კომპოსტირება და დაურეგულირებელი ნიტრატები ფერმერისა და მის გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს. პესტიციდების არაადეკვატური გამოყენება ჯანმრთელობის სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად კიბოს, სასუნთქი სისტემისა და სისხლის დაავადებებს იწვევს. მსგავსი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობის მქონე პროდუქტის მოხმარებას. არასწორად კომპოსტირებული ნაკელი კი მცენარეში პათოგენების გავრცელებას იწვევს, რაც აზიანებს გარემოს, ფერმერსა და, ამასთანავე, მომხმარებლის ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის.
„ევროკავშირის ხელშეწყობით, ფერმერთა საველე ტრენინგებს უკვე 4 წელია ვატარებთ და ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის ბევრმა ბენეფიციარმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი სასოფლო-სამეურნეო წარმოება და შემოსავალი. თანამედროვე ტექნიკების გამოყენებით, მათ მოჰყავთ უვნებელი პროდუქტი, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“, განაცხადა ალან პინედა ბურგოსმა, FAO-ს საერთაშორისო აგრონომმა და უნარების განვითარების სპეციალისტმა.
ფერმერთა საველე ტრენინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება წლის ყველა სეზონზე. ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის საგანმანათლებლო შეხვედრები ლიდერი ფერმერის სახლსა და სადემონსტრაციო ნაკვეთზე ტარდება. ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს FAO-ს აგრონომებთან ერთად ლიდერი ფერმერებიც უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკებს და გამოცდილებას, თეორიული და პრაქტიკული ტრენინგებით.
ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO-მ საქართველოში უკვე 2,500-ზე მეტ ფერმერს გაუზიარა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე. ამასთანავე, FAO-ს აგრონომებისა და ვეტერინარების გუნდმა ტრენინგები ფერმერთა საველე სკოლების ფარგლებშიც ჩაუტარა 800-ზე მეტ რძის პროდუქტისა და ბოსტნეულის მეწარმეს და მეფუტკრე ქალს.
2013 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.