ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინიმ განაცხადა, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაზე თავდასხმისა და დანაშაულისთვის, რომელიც ომის დროს ჩაიდინა, ასევე გადაიხადოს კომპენსაცია მიყენებული ზარალისთვის.
ამის შესახებ ფინეთის პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთი პასუხს აგებს დანაშაულებისთვის და პუტინი პირადად აგებს პასუხს აგრესიის დანაშაულისთვის“, - აღნიშნა მარინიმ.
მან ხაზგასმით თქვა, რომ ფინეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, მუშაობს ამ პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად.
„ფინეთი შედის იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებსაც სურთ უზრუნველყონ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულის აგრესიისთვის პასუხისმგებლობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებას და უკრაინის ხელისუფლების ორგანოებს, მხარს ვუჭერთ დანაშაულის აგრესიის გამოძიების საერთაშორისო ცენტრის შექმნას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ, რომ რუსეთმა გადაიხადოს ფასი აგრესიისთვის, ნგრევისა და ზარალისთვის, რომელიც უკრაინამ განიცადა ამ თავდასხმის შედეგად. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ გაიყინოს რუსული აქტივები და გაიგზავნოს უკრაინის აღსადგენად“, -განაცხადა პრემიერმა.
სანა მარინიმ აღნიშნა, რომ ფინეთს საკუთარი გამოცდილებიდან ესმის, რომ ახლა თავისუფალმა სამყარომ მხარი უნდა დაუჭირის უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
მარინის თქმით, ფინეთი მხარს უჭერს ზელენსკის „მშვიდობის ფორმულას“, რათა ეს გეგმა ამუშავდეს.
ფინეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკარინას შეუძლია ჰელსინკის იმედი ჰქონდეს რეფორმების გზაზე, რომლის განხორციელებაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვს აუცილებელია.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი უკრაინაში დღეს ჩავიდა.
სანა მარინი დაესწრო ბახმუტთან ბრძოლაში დაღუპული „და ვინჩის“ მეტსახელით ცნობილი უკრაინელი მეთაურის, დიმიტრი კოცუბაილოს დაკრძალვის ცერემონიალს წმინდა მიქაელის ტაძარში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ფინეთი უკრაინას დამატებით 29 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. გარდა ამისა, 2023 წლისთვის ფინეთს დარეზერვებული აქვს 37 მილიონი ევრო, რომელიც განვითარების სფეროს მოხმარდება.
უკრაინაში სანა მარინის ეს უკვე რიგით მეორე ვიზიტია.