აგრარული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე და ამ სფეროში საპარლამენტო კომიტეტების ჩართულობა, ევროინტეგრაციის გზაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება, მსჯელობის მთავარი თემები იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და სერბეთის სოფლის მეურნეობის, წყლისა და ტყის მენეჯმენტის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიან რისტიჩევიჩს შორის.
ქართული დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე.
მხარეებმა აუცილებლად მიიჩნიეს აგრარულ სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარება, როგორც საპარლამენტო, ისე ორი ქვეყნის მთავრობებისა თუ დარგობრივი სამინისტროების დონეებზე. მათ, ასევე ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას საქართველო-სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიურობის გაზრდის მიზნით და 2019 წლის ივლისში სააგენტოს –„აწარმოე საქართველოში“ და სერბეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გააქტიურებას.
„ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა იქნება ორმხრივ სარგებლიანი სერბეთისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებში, სადაც მნიშვნელოვნად უნდა იყოს წარმოდგენილი დიასპორული ინტელექტუალური და საინვესტიციო პოტენციალი,”- აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.