გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია საფინანსო სექტორის საზედამხედველო ზომების შესახებ. მიუხედავად დეტალური განმარტებისა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ საზოგადოებას არასწორად მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, თითქოს ჯარიმა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს რეგულარულად ამოწმებს. შემოწმების შედეგად, ფინანსური ინსტიტუტისთვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. საფინანსო სექტორის წარმომადგენელს, საზედამხედველო ზომის სახით, შესაძლოა ასევე ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის დაწესება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საფინანსო ინსტიტუტში შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.
ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და 2020 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება. გამოქვეყნებას ექვემდებარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო გამოყენებული ყველა ტიპის სანქცია, მიუხედავად სანქციის სახის, კატეგორიის, შინაარსის, ფულადი ჯარიმის ოდენობისა და დარღვევის მატერიალურობისა.
2021 წლიდან სულ დაჯარიმებულია 181 საზედამხედველო სუბიექტი:
კომერციული ბანკი 11
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი 12
საბროკერო კომპანია 5
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 32
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი 3
სესხის გამცემი სუბიექტი 6
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 112
ჯარიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული სუბიექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
აქვე მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ სრულად, ფაქტების ცვლილების გარეშე.