უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისათვის, რუსეთის ძალებს ოკუპირებული აქვთ 1 877 დასახლებული პუნქტი.
ამის შესახებ მან გერმანიის მიერ უკრაინის სოლიდარობისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოველ წუთს ოკუპანტები ცდილობენ გაზარდონ უკრაინის ოკუპირებული ქალაქებისა და სოფლების რაოდენობა.
„ჩვენ ვიბრძვით უკრაინის მიწაზე იმისთვის, რის გარეშეც თქვენ ყველა, მეგობრებო, ვერ წარმოიდგენთ სიცოცხლეს. ეს არის ელემენტარული უსაფრთხოება. ეს არის თავისუფლება და სიცოცხლე კანონიერად. ეს არის ადამიანური ღირსება და თითოეული ადამიანისა და საზოგადოების პატივისცემის უფლება. ეს არის ბედნიერება იცხოვრო ოჯახთან ერთად და შესაძლებლობა იოცნებო უსაფრთხო და თავისუფალ მომავალზე შენი შვილებისთვის“, - განაცხადა უკარინის პრეზიდენტმა მიმართვისას.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტები იერიშისთვის დამატებით ძალების კონცენტრაციას ახდენენ. ამასთან, რუსების შეტევითი მოქმედებები ბახმუტთან მტერს დიდი დანაკარგის ფასად უჯდება. ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, რუსებს არ ჰყოფნით საბრძოლო ძალა და რესურსი ახალი შეტევის მხარდასაჭერად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ანგარიშის თანახმად, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ უკრაინის ძალების პოზიციების იერიშს ბახმუტის მიმართულებაზე. ამასთან, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით მტრის შეტევითი მოქმედებები წარუმატებლად დასრულდა.