პოლონეთის მიერ გაგზავნილი გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტიპის ტანკების პირველი ნაწილი უკრაინაში უკვე ჩავიდა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
"პოლონეთის მიერ გაგზავნილი Leopard-2-ის ტიპის ტანკების პირველი ნაწილი უკრაინაში უკვე ჩავიდა". - თქვა ბლაშჩაკმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე.
ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედრო პერსონალი ამჟამად წვრთნებში მონაწილეობს და მათ გადამზადებაში პოლონელი, კანადელი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები მონაწილეობენ.
პოლონეთი უკრაინაში სულ 14 ერთეული Leopard-2-ის ტიპის ტანკის გაგზავნას გეგმავს, ასევე გადასცემს „ტ-72“-ის ტიპის 60 მოდერნიზებულ ტანკს.
კიევში დღეს, ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას Leopard-2-ის ტიპის ოთხი ტანკი და მზად არის, სწრაფად მიაწოდოს მეტი ტანკი.
„პოლონეთი და ევროპა თქვენ გვერდით დგანან. ჩვენ არ მიგატოვებთ, მხარს დავუჭერთ უკრაინას რუსეთზე მის სრულ გამარჯვებამდე“, – განაცხადა მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.