საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მეწარმე ქალი გადამზადდა. აღნიშნული პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის წახალისებას ისახავს მიზნად. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.
„პროგრამის პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. წელიწადში მიღება საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრას 25 მეწარმე შეძლებს. პროგრამას არ აქვს სექტორული შეზღუდვა და მოიცავს მეწარმეებს მრავალფეროვანი ინტერესებითა და გამოცდილებით. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იღებენ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების იმ კომბინაციას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის. ღრმად გვწამს, რომ მეწარმე ქალთა გაძლიერებით ძალიან ბევრი ახალი, ინოვაციური პროექტი შეიქმნება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ანა ჩხეიძე.
პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი საშუალოდ 2 თვის მანძილზე გრძელდება, რის შემდეგაც მონაწილეები გადადიან საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე. პროგრამა მეწარმეებს ასევე სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს უკავშირდებიან.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, 3 ბიზნესკურსიც შეიმუშავა, რომლის გავლაც მონაწილეებს ონლაინ შეუძლიათ. ეს კურსებია: საბაზისო ციფრული რესურსები; ეფექტიანი კომუნიკაცია და მეწარმეობის საწყისები.
„პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ კომპანიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია იმ ახალი ბიზნესუნარების გამომუშავების, ცოდნისა თუ გამოცდილებისთვის, რაც პროექტში მონაწილეობისას მიიღეს. პროგრამის ფარგლებში მეწარმე ქალებმა გადამზადებასთას ერთად, ქოუჩინგით, საკუთარი ბრენდის პროდუქციის ფოტოსესიითა და მეწარმე ქალთა კატალოგში კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით ისარგებლეს, რამაც მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა, აკეთონ საყვარელი საქმე ხარისხიანად“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.