პუტინმა თავისი გარემოცვისაგან ფარულად მოამზადა უკრაინაში შეჭრის გეგმა და სამხედრო აგრესიით გამოიწვია ელიტის უკმაყოფილება. ამის შესახებ "Financial Times" იუწყება.
მისი ცნობით, კრემლის მაღალჩინოსნებმა შეჭრის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, როდესაც პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ დილით ტეელვიზიით განაცხადა.
მოგვიანებით რუსი ოლიგარქები კრემლში შეიკრიბნენ. „ყველა დაბნეული იყო“- განუცხადა გამოცემას წყარომ, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
წყარო ამბობს,რომ ერთ-ერთმა ოლიგარქმა საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ჰკითხა, როგორ შეძლო პუტინმა ასეთი მასშტაბური შეჭრის დაგეგმვა ასეთ ვიწრო წრეში, რომ კრემლის მაღალი თანამდებობის პირების უმრავლესობა და მისი ბიზნეს-ელიტა ვერ იჯერებდა, რომ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. ლავროვმა უპასუხა: „მას ჰყავს სამი მრჩეველი - ივან მრისხანე, პიოტრ პირველი და ეკატერინა დიდი“.
„პუტინის შეჭრის გეგმის თანახმად, რუსეთის ჯარს რამდენიმე დღეში უნდა აეღო კიევი ბრწყინვალე, შედარებით უსისხლო ბლიცკრიგის შედეგად. ამის ნაცვლად ომი რუსეთითვის ისტორიული მასშტაბების ჭაობი აღმოჩნდა“, - წერს გამოცემა.
მაშინაც კი, როცა პუტინისთვის ცხადი გახდა რუსეთში შეჭრის უზარმაზარი ფასი, კრემლის ლიდერმა გადაწყვიტა საქმე ბოლომდე მიიყვანოს, - ამბობენ ადამიანები, რომლებიც მას იცნობენ. „იდეა, არასდროს გულისხმობდა იმას, რომ ასობით ათასი ადამიანი დაღუპულიყო, ყველაფერი კი საშინლად არასწორად წავიდა“, - განაცხადა ყოფილმა რუსმა მაღალჩინოსანმა.
გამოცემა აღნისნავს, რომ პუტინი ეძებს ახალ არგუმენტებს საომარი მოქმედებების გასამართლებლად, დაჟინებით ამბობს, რომ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
გამოცემის წყაროს თქმით, ადამიანები, რომლებიც იცნობენ პუტინს, მას ახასიათებენ როგორც ლიდერს, რომელიც ომის დასაწყისში უფრო მეტად იზოლირებული გახდა. „სტალინი ბოროტი, მაგრამ კარგი მენეჯერი იყო, მისი მოტყუება შეუძლებელი იყო. მაგრამ პუტინისთვის სიმართლის თქმა არავის შეუძლია. ადამიანები, რომლებსაც არავისი სჯერათ, უჯერებენ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მას ატყუებენ“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
ამის გარდა, როდესაც პუტინმა შეჭრის გეგმის შემუშავება დაიწყო, მისი ნათლიმამა, ოლიგარქი და უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი არწმუნებდა, რომ უკრაინელები რუსეთის არმიას გაშლილი ხელებით დახვდებოდნენ და ჩაეხუტებოდნენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ გეგმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში უნდა ჩაეყვანათ, რომელიც ვიდეომიმართვით გამოვიდოდა და ლეგიტიმაციას მისცემდა მედვედჩუკის მიერ უკრაინის მმართველობას რუსეთის მხარდაჭერის ფონზე.
გამოცემის წყარო ამბობს, რომ პუტინს არ სურს აღიაროს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო, ზოგიერთი ლიბერალი ჩინოვნიკი ცდილობს ის დაარწმუნოს შეწყვიტოს ომი, მიუთითებს, რომ სანქციები უდიდეს ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. მაგრამ პუტინი ამბობს, რომ მან უკვე დათვალა ხარჯები: „ჩვენ ვიხდით უზარმაზარ ფასს, მესმის, სათანადოდ ვერ შევაფასეთ, ეს რამდენად რთული იქნებოდა“.
„მაგრამ როგორ შეიძლება შეშლილის გადარწმუნება? მისი ტვინი დაინგრევა, თუ მიხვდება, რომ შეჭრა {უკრაინაში} იყო შეცდომა“, - უთხრა გამოცემას წყარომ.