დღეს 9 დეკემბერს კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის ოფისმა (სამდივნომ) 2010 წლის „გლობალური კორუფციის ბარომეტრის" შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყნის მოსაზრებზე დაყრდნობით შეიქმნა.
აღნიშნული გამოკითხვა ჩაატარდა თბილისში კომპანია „გორბის" 2010 წლის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით. გამოკითხულ იქნა თბილისი 500 მაცხოვრებელი.
„გლობალური კორუფციის ბარომეტრის" მიხედვით თბილისის მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა „ეფექტური" ან „ძალიან ეფექტურია" კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. გამოკითხვაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს იმ რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც აღნიშნულ სფეროში მთავრობის ძალისხმევა „ეფექტურად" ან „ძალიან ეფექტურად" შეაფასეს, ყველაზე მაღალია.
საქართველო გამოკითხულ ქვეყნებს შორის ლიდერობს კითხვით კორუფციის დონის შესახებ, და ქართველ რესპონდენტთა 78% ბოლო სამი წლის განმავლობაში კორუფციის დონის „შემცირებაზე" ან „ძალიან შესამჩნევ შემცირებაზე" საუბრობს (შემდეგ ადგილზეა კენია გამოკითხულთა 48%-ით). თბილისში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ კორუფცია „(ძალიან) გაიზარდა" ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით (საქართველოს მოსდევს დანია, ტაილანდი და პოლონეთი 29%-ით).
„საზოგადოების აზრი კორუფციის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი გვაჩვენებს რა გავლენას ახდენს კორუფცია მათ ცხოვრებაზე როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც," - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. „თუ 2010 წლის გამოკითხვის შედეგებს 2004 წლიდან მოყოლებულ შედეგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ მოქალაქეთა ნდობა ისეთი ინსტიტუტების მიმართ როგორიცაა პოლიცია, ჯარი, პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, მედია, ეკლესია, არასამთავრობო და კერძო სექტორი, გაიზარდა. თუმცა, პოლიტიკური პარტიები და სასამართლო სისტემა ისევ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად რჩებიან."
გამოკითხულთა 56%-ის აზრით, მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის საქმეში ყველაზე ეფექტური ინსტიტუტია. მხოლოდ 2%-ს სჯერა მედიის საშუალებით კორუფციასთან ბრძოლის ნაყოფიერების, ხოლო კერძო სექტორის როლს კორუფციასთან ბრძოლაში გამოკითხულთა მხოლოდ 1.6% ხედავს. „ეს შედეგები ნათლად გვაჩვენებს, თუ რამდენად აუცილებელია მედიის სანდოობისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლება და გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის საქმეში კერძო სექტორის ჩართვა," - ამბობს ეკა გიგაური.
გამოკითხვა ადასტურებს, რომ მოქალაქეებს არ სურთ კორუფციის შემთხვევების შეტყობინება: 42%-მა განაცხადა, რომ ისინი ხმას არ აიმაღლებდნენ კორუფციის შემთხვევების შესახებ, 58%-მა კი განაცხადა რომ ისინი შეატყობინებდნენ ასეთი შემთხვევების შესახებ.
კითხვაზე გადაუხდიათ თუ არა ქრთამი ბოლო 12 თვის განმავლობაში, გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა უპასუხა დადებითად, რაც 2010 წელს გამოკითხულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. 58,4%-მა უპასუხა, რომ მათ არ გადაუხდიათ ქრთამი. თუმცა, გამოკითხულთა 38% ამ კითხვაზე ან პასუხი საერთოდ არ გასცა, ან უპასუხა, რომ არ ახსოვდა გადაიხარა ქრთამი თუ არა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც კორუფციასთან ბრძოლა და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიღწევაა. იგი გლობალური ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეგიონალური ოფისია.