გაეროს ბოლო მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 8 ათასზე მეტი მშვოდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 13 ათასზე მეტი დაშავდა.
გაეროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოცემული რიცხვი მხოლოდ დოკუმენტირებული მონაცემებია, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რეალური რაოდენობა კი გაცილებით მეტია. მაგალითად, გაეროს არ აქვს ცნობები რუსების მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებულ მარიუპოლში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ.
ამავე თემაზე საუბრობდა ბრიტანეთის დაზვერვა დღევანდელ ანგარიშში. ამის გარდა ანგარიშში მოყვანილია „დამოუკიდებელი ანალიზის“ მონაცემები, რომლის თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეების შორის, შესაძლოა, 16 ათასს აღწევდეს. ამასთან, მოცემული რიცხვი ასევე არ არის საბოლოო.
ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ 2023 წლის იანვარში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა დონეცკის, ლუჰანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მკვეთრად გაიზარდა. ხშირად, რუსული არტილერიის განურჩეველი ცეცხლის ობიექტები სამედიცინო და სასწავლო ობიექტები ხდებოდნენ, რაც ზრდიდა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლთა რაოდენობას.