ხვალ, 9 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს გამოფენასა და საგანმანათლებლო პროგრამას "სამურაი". პროექტი მოიცავს იაპონელი სამურაისა და ხმლების (კატანას) გამოფენას. სამურაი წარმოდგენილია თოჯინების სახით. გამოფენილია ოცდაერთი თოჯინა _ სამურაი და ოცდაორი ხმალი. მასალა მოძიებულია საქართველოში კერძო კოლექციაში (კოლექციონერი გოგი კაკაშვილი).
პროექტი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა. ხორციელდება საახალწლოდ, რათა სიურპრიზი მივუძღვნათ ბავშვებს, სოციალურად დაუცველი ჯგუფებიდან, საჯარო, სხვა სკოლებიდან და განსაკუთრებული, სრულიად ახალი განწყობა შევუქმნათ მათ ამ ფერადი, შესანიშნავი სამყაროს გაცნობით. მონაწილეები გაეცნობიან ლეგენდებს, ისტორიას სამურაის და იაპონური ხმლის შესახებ, მიიღებენ კითხვებზე პასუხებს, ნახავენ ილუსტრაციულ მასალას, მიეცემათ შესაძლებლობა შეადარონ ყოველივე ეს საკუთარი ქვეყნის სარაინდო ისტორიას. დახატავენ თემაზე "სამურაი".