ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის, - ამბობს „პროგრესის და სამართლის“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
„დღეს გამოქვეყნდა მსოფლიოში „კორუფციის აღქმის“ განახლებული ინდექსი. საქართველო 41-ე ადგილზეა და უკეთესი მდგომარეობა გვაქვს მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით. თუმცა 2012 წლის შემდეგ, ინდექსი პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა და მისი უცვლელი მაჩვენებელი, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი, ჩვენი ეკონომიკის ავადმყოფობა-სტაგნაციაზე მიუთითებს.
2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ შარშან, 10 %-ით, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის. ეკონომიკის ამგვარი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არაფრისმომცემია, არ იქმნება სამუშაო ადგილები, არ არის ღირსეული ხელფასი.
ეკონომიკის რეალური ზრდისთვის საჭიროა, საქართველო ლიდერობდეს ქვეყნების ტოპ-სამეულში, ისეთ წამყვან ინდექსებში, როგორიცაა:
კორუფციის აღქმის ინდექსი - 1-3 ადგილი.
უსაფრთხოების (კრიმინალის აღქმის) ინდექსი - 1-3 ადგილი.
მართლმსაჯულების სისტემის შემფასებელი მთავარი ინდექსები - 1-3 ადგილი.
ბიზნესის კეთების სხვადასხვა ინდექსები და ა.შ.
10 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ საშუალება ჰქონდა, ამ მაჩვენებლებისთვის მიეღწია. შედეგად, მივიღებდით ეკონომიკის და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლების უსწრაფეს ზრდას. სამწუხაროდ, ათი წელი დაიკარგა და იმედია, კიდევ ბევრ დროს არ დავკარგავთ! „, - ამბობს ოქრიაშვილი.