საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, ამ ომში, რაც არის ჩვენთვის ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.
კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში. მინდა, განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით. ჩართული იყვნენ უშუალოდ საელჩოები, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ხარჯებს სრულად ფარავს ხელისუფლება და ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები. მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიებზე ომებში, იქნებოდა ეს აგვისტოს ომი, აფხაზეთის, თუ სამაჩაბლოს ომი. ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად აღნიშნული და სამხედრო პატივით დაკრძალული. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.